2012 წლიდან დავიწყე ბუნებაში ფეხის აქტიურად დადგმა, ბევრი სისულელეებიც ვაკეთე და ბევრ რამეშიც გამიმართლა. მერე ნელა-ნელა დავინტერესდი ამ სფეროთი. შემდეგ წლებში უფრო გავააქტიურე ფეხები და 2015-ში კი ჩემი პირადი რეკორდიც დავამყარე 1010 კმ წელიწადში, რომელიც ჯერ ვერ გავაუმჯობესე და ალბათ ვერც მოვახერხებ მის დაჩოქებას. თუმცა მთელი ცხოვრება წინაა და ვნახოთ რა მელის. ამ სტატიის არსი არა ჩემი თავის ქებისა და ცხოვრების სტილის მოყოლაა, არამედ ამ წლების განმავლობაში დაგროვილი მცირე გამოცდილების გაზიარების. მოკლედ და ძალიან ზოგადად გამოვარჩევ იმ 10 აუცილებელ ნივთს , რომლებიც ხარისხიანი უნდა იქონიოთ თუკი ცხოვრებაში/ლაშქრობაში ბედნიერებას ეძებთ.
ჩემი დამოკიდებულება ამ თემასთან დაკავშირებით ყოველთვის ასე გამოიყურებოდა, ჯერ ვყიდულობდი იმ მომენტისთვის საჭირო იაფფასიან აღჭურვილობას, ვიტანჯებოდი და პარალელურად ვსწავლობდი, ვაკვირდებოდი თუ რა მიქმნიდა დისკომფორტს. მაშინ ასეთი სტატიების და რჩევების ნაკლებობა იყო, არც არავის ჰქონდა შესაბამისი გამოცდილება რომ გაეზიარებინა ან ვისაც ჰქონდა შეიძლება მე არ მქონდა მასთან პირდაპირი შეხება (არვიცი), თანაც ეს სფერო საქართველოში მაშინ იწყებდა ცხობას. ასე ვთქვათ პერიოდულად ვისწავლე კარგი და ცუდი ნივთების გამორჩევა. განხილვების წაკითხვა, ყიდვამდე და ყიდვის შემდგომ ანალიზი. ახლა კი მათ ვისაც რაიმეს ყიდვა სჭირდება ვურჩევ რომ პირველ რიგში გაითვალისწინონ მიზნობრიობა, ეს არის მთავარი განმსაზრვრელი ფაქტორი. პირადად მე ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებ ხარისხიან პროდუქციას, ძვირის გადახდა კი მიწევს, მაგრამ როდესაც ეს შენი საყვარელი საქმეა და თანაც აქტიურად გიწევს მასთან კავშირი, ძალიან აუცილებლია ორგანიზმის გაფრთხილება.
იმისთვის რომ ლაშქრობამ მეტი ბედნიერება მოიტანოს, საჭიროა კარგი აღჭურვილობა. დავიწყებ ყველაზე მთავარით:
1. ფეხსაცმელი.
აუცილებლად მაღალყელიანი (კოჭის მაფიქსირებელით), ყოჩაღი ძირითა და წყალგაუმტარი შრეებით. მოლაშქრისთვის მშრალი ფეხების სიამოვნებას ვერცერთი მდგომარეობა ვერ შეცვლის. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ ფეხები მშრალად შეინარჩუნოთ. ყურადღება მისაქცევია ფეხსაცმლის ძირი, რომ არ უნდა იყოს სრიალა და არ ქმნიდეს საფრთხეს სხვადასხვა რელიეფზე მოძრაობის. ცუდ ფეხსაცმელს მომენტალურად ბევრი რამე შეუძლია, მაგალითად: გადაჩეხვა, დაცურება, აცურება, მოცურება, ჩავარდნა, ფეხის გადაბრუნება და ა.შ. პირველი საფრთხე შეიძლება ითქვას რომ მოდის რელიეფიდან, ამიტომ ფეხის მყარად დადგმა აუცილებელია. გამორჩეული ბრენდებია: Lowa, Salomon, Mammut, Merrel, Keen, Vasque.
2. ხუთვარსკვლავიანი ჩანთა (ორი და მეტ დღიანებისთვის). კარგი ჩანთა უნდა გამოირჩეოდეს მოხერხებულობით, პრაქტიკულობითა და კომფორტული საზურგით. ჩანთებისთვის სპეციალურად 1 სტატია გვაქვს მიძღვნილი, ამიტომ დეტალებში თუ დაინტერესდები შეგიძლია გადახედო.
3. კარავი
კარვის ძირითადი მახასიათებლები მისი წყალგაუმტარობაში (წვიმა-თოვლისას-სეტყვის) , მდგრადობასა (ქარსა და უბედურებაში) და წონაშია (სიარულის ჟამს). როგორც ყველა სხვა პროდუქტის შეძენისას კარვის დროსაც გასათვალისწინებელია მიზნობრიობა. თუკი მოლაშქრე ძირითადად მსუბუქი კემპინგის მოყვარულია, მისთვის კარვის წონას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ( არ ვგულისხმობ 2 ტონიანს), ამიტომ ძირითადი მახასიათებლები გამძლეობა და შემძლეობა უნდა იყოს. ყველაზე რთულად კი მაშინაა საქმე როდესაც მოლაშქრე ძალიან აქტიურად დადის მთაში და ძირითადად მანძილის გავლა უწევს ფეხით ე.წ trekking. დამერწმუნეთ საკმაოდ რთულია მძიმე ჩანთის ტარება. მსუბუქი, მოსახერხებელი და გამძლეობამოყვარული კარვები საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა ასეთი გენიალური ეგოისტური ანდაზა მოგვსდებს წინაპრებიდან “ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო”. ჩვენი წინაპრები ჭკვიანი ხალხნი იყვნენ. ეგეც რომ არ იყოს ხერხემალზე მკურნალობა მერე და მერე უფრო მეტი ჯდება ვიდრე ერთი ჩანთის ღირებულება. გამორჩეული ბრენდები: Marmot, Black Diamond, MSR, Sierra design, The north face.
4. საძილე ტომარა
ოი ოი , კარგი საძილე კარგ ქოთნის ლობიოს ტოლფასიაო, თუმცა ეს უკანასკნელი სიკვდილისგან არ გიხსნის ღამით ტემპერატურის დაცემისას. ამიტომ გამოდის რომ უკეთესიც ყოფილა. რაც უფრო მეტს ვცხოვრობ , მით უფრო მეტს ვხვდები რომ ჩვენ კარგი საძილის ყიდვისთვის ვართ გაჩენილები 😀 საძილეების თემა საკმაოდ ვრცელია, მისთვის ერთ გემრიელ, დიდ სტატიას დავწერთ, როგორც ჩანთებს ჰხვდა პატივი. თუმცა მანამდე გეტყვით რომ ძირითადად განირჩევა ორი სახის საძილე ტომარა ზოგი რომ სპალნი მეშოკს ეძახის. მეშოკები ბავშვობაში რომ ვათრიეთ ეგენი არ გვეყო ეტყობა 😀 ბუმბულის და სინთეტიკი , არსებობს სხვადასხვა ვარიაციებიც სადაც ორივე ერთად არის. მოკლედ რომ აღვწერო ბუმბული უფრო მსუბუქია და თბილია, სინთეტიკის ხიბლი კი ისაა რომ დასველების დროსაც კი თავის სიყოჩაღეს ინარჩუნებს და ბუმბულის საძილისგან განსხვავებით მოღალატე კახპასავით არ დაგიქნევს ხელს შორიდან. თუმცა სინთეტიკა მძიმეა. არ დაგვავიწყდეს მეგობრებო , მიზნობრიაობა უპირველეს ყოვლისა. გამორჩეული ბრენდებია: Western mountineering, The northface, Deuter, Marmot, Kelty, Mountain equipment, patagonia.
5. საგებელი
ესეთი ანდაზა არსებობს რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულიაო. არ მიყვარს ეს -_- რამდენი საგებელიც გავეცი , მის მერე აღარ დამბრუნებია უკან , ერთი-ორის გარდა. თემას დავუბრუნდეთ და ჩემი გამოცდილი მენჯების სიტყვებით გეტყვით რომ, აუცილებლად გასაბერი საგებელი. ბრენდული და ხარისხიანი რა თქმა უნდა. რთული და დამღლელი დღის შემდგომ, ძილი და კვება ყველაზე საჭირო რამაა რაც ენერგიის აღდგენაში გეხმარება. ამიტომ კარგ ძილს მხოლოდ ქოთნის ლობიო სჯობსო ნათქვამია. 😀 ესეც მაგალითები და იყიდე ძვირიანი, გაყავი იმ დროზე რამდენი ხანიც გაგიძლებს და მიხვდები რომ ძვირიანი კი არაა, მაგარი იაფად “დაითრიე”. გამორჩეული ბრენდებია: Thermarest, Seatosummit, Rei, Klymit. ესეც მაგალითები:
6. სალაშქრო ჯოხები
არცერთი ნაბიჯი მათ გარეშე. როგორც ზემოთ აღვნიშნე ადრე უფრო ჯანღონიანი და ყოჩაღმარდიანი ვიყავი. სიმდაბლედ მიმაჩნდა ჯოხების ტარება და ვისაც ესენი ჰქონდა მეგონა რომ ტრავმის გამო ატარებდნენ. არადა პირიქით სიმდაბლე ის ფიქრი და პოზიცია იყო. მუხლი მიჭრიდა და რა მენაღვლებოდა. 😀 ახლა კი გეტყვით , არცერთი ნაბიჯი მათ გარეშე და ეს მაშინ მივხვდი როდესაც პირველი ტრავმა ავიკიდე ჩემი ფავორიტი ბილიკიდან დაბრუნების შემდგომ. ჯოხები რომ მქონოდა აუცილებლად გადავრჩებოდი ტრავმას, რომლის გამოც 3 თვე კოჭლობით და ძლიერი ტკივილებით გადავაადგილდებოდი. ამიტომაც მეგობრებო ყველას გეტყვით რომ , ჯოხები ახანგრძლივებს მუხლმაგრიანობას და მულხყოჩაღიანობას. საერთოდაც არაა რთული მათი გამოყენება. თავიდან ძალიან დისკომფორტული შეიძლება მოგეჩვენოთ , მაგრამ დამერწმუნეთ ცოტა ხანში მათ გარეშე ჩანთას აღარ შეკაზმავთ. ცოტა თვითონ ჯოხებზეც რომ დავწერო , ისევ და ისევ ხარისხს გავუსმევ ხაზს, რადგან ადრე რაც მქონდა 6 ცალი ე.წ კემპსორის და ჰასკის ჯოხები დავღუნე, ლაშქრობაში კი მათი გამოკლება ერთი კიდურის გამოკლებას უდრის. ამიტომ მიეცით ორგანიზმს მეტი და ისიც თქვენს სამსახურში იდგება 😉 გამორჩეულნი: Leki, Black diamond, Rei.
7 GPS
მოლაშქრე, რომელიც მარტო დადის აქეთ იქით , მისთვის ეს მოწყობილობა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იტყოდნენ კარგი ჯიპიესი გერჩივნოს სულელ მეგობარსაო. რათქმა უნდა კარგი ორიენტირების უნარის მქონე მოლაშქრესაც კი შეიძლება რომ აერიოს მიმართულება, მთას ისეთი სქელი ფიქრები სჩვებია (“ნისლი ფიქრია მთებისა”). ამიტომ GPS არის მხსნელი, ძმისგული და კაიყმა. კარგი ელემენტები არ დაუვიწყოთ მაგ რჯულძაღლს B-) მათშორის გამორჩეული ბრენდები: Garmin, Magellan.
8. Jetboil, MSR , PRimus
პირველად, რომ გაზის ბალონი წავიღე ლაშქრობაში და ყავა მოვიდუღე შიგ, შედედებული რძე ჩავასხი თავი “ხვთისშვილი” მეგონა, მივხვდი რომ ის ის იყო B) მეთქი დედა ვრჩები 😀 მას მერე რამდენიმე წელი გავიდა და ახლა თვითონ სისტემას ვაქებ. ჩამოთვლილი სამივე ბრენდი უფრო შემდგარი კონსტრუქციას წარმოადგენს და უფრო აჩქარებს, ამარტივებს წყლის გაცხელების ხანგრძლივობას. ერთი ნაკლი ის აქვს რომ, გაცხელებული წყლის გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ჩაისთვის ან ყავისთვის არის შესაძლებელი, არ დავინახო მაგათში ანაკომები ჭამოთ -_- (ვხუმრობ რაც გინდათ ის ჩაასხით, ოღონდ კისელი არა თორემ მერე ორი თვე მოგიწევთ ჩემსავით გაწმენდა).
9. კარგი სათვალე და მზისგან დამცავი სხვა საშუალებები
2012 წელს დავიწყე სიარული, ისეთი ახალგაზრდა და ჯანღონით სავსე ვიყავი (არც ახლა მიჭირს რა), მეგონა მე არაფერი მომივიდოდა და ვერაფერი მომერეოდა. დავდიოდი მაიმუნი სათვალეებით. მეთქი ქალაქში ჭრის, ე.ი იქაც გაჭრის. არა მეგობრებო !! კარგი სათვალე აუცილებელია, თვალს ისეთივე გაფრთხილება უნდა როგორც გულს და გონებას ან უფრო მეტიც. მოგეხსენებათ, რაც უფრო მაღლა ავდივართ ზღვის დონიდან ულტრაიისფერი სხივები უფრო აქტიურად გვხვდებიან, განსაკუთრებით მგრძნობიარე კი თოვლისგან არეკლილი სხივები გახლავთ. კარგი სათვალე უნდა გვიცავდეს მსგავსი განათებისგან და უნდა უმარტივებდეს თვალს სხივების გადამუშავებას. უსათვალოობა გამოიწვევს თვალის მიდამოებში ნაოჭებს და ნაადრევ სიბერეზე, თვალის ბადურას სულ რომ დავანებოთ თავი. ასევე აუცილებლად დავწერ აქ რომ გამოიყენეთ ქუდი, პანამა, კეპი ან რაიმე თავსაბურავი და არცერთი ნაბიჯი არ გადადგათ თუკი თქვენს კანს მზისგან დამცავი ფენა არ ექნება შეზელილი. გამორჩუელნი: Julbo, Spyoptic, Oakley, Smith.
10. და ბოლოს , მწერძაღლები
მწერები აი ეს საშინელებანი, რომლებიც ყველაფერს ჩაგიშხამებენ. აუცილებლად ატარეთ დუსტი (განა მართლა) 😀 მათგან დამცავი სპეციალური საშუალებები აფთიაქებში იყიდება, სპრეის და მაზის სახით. ყურადღება მიაქციეთ, რომ წასმისას ან შეხსმისას არაფრით მოგიხვდეთ თვალში. შეიზილეთ, წამოწექით და ოპალა ისარგა. გამორჩეულები: Ballistol, ok.
ჩამოთვლილთანაგან ყველაფერი კარგი ჯერ ვერც მე მაქვს და ისევ მარაგების შევსების/განახლების პროცესში ვარ. რადგან ყველაფერი კარგის ყიდვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ერთიანად მათი შეძენა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. უბრალოდ უფრო დაზოგავთ თქვენს ფინანსებს თუკი 2-3 ჯერ არ იყიდით ერთ პროდუქტს, ამიტომ აქვს ბრენდს და ხარისხს უპირატესობა. როგორც ვთქვი ეს საკუთარი შეცდომებზე აგებული სტატიაა, რომელიც შეიძლება ბევრს ვერაფერს გეუბნება ახალს და თუ ეს ასეა, მაშინ იმას მაინც გაფიქრებინებს რომ შენც ასე გჭირდა და ეთანხმები ამ ყველაფერს. თუკი არ ეთანხმები, მოვა დრო და დაეთანხმები 😀
სიმძაფრულით ლეონი.