სამეგრელო ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა დასავლეთ საქართველოში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ზუგდიდი. ამჟამინდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ის მიეკუთვნება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს
სამეგრელოს ჩრდილოეთით ესაზღვრება აფხაზეთი და სვანეთი, აღმოსავლეთით – ლეჩხუმი და იმერეთი, სამხრეთით – გურია, დასავლეთით კი შავი ზღვა. ის მოქცეულია მდინარეებს – ენგურს, რიონსა და ცხენისწყალს – შორის.
სამეგრელო დაყოფილია მუნიციპალიტეტებად: აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი. ქალაქი ფოთი (ისტ. სახელწოდებაა ფაზისი) ცალკეა გამოყოფილი – ის საპორტო ქალაქია და მისი მნიშვნელოვანი სავაჭრო სტატუსის ისტორია ანტიკური პერიოდიდან იწყება. თვითონ სამეგრელოს ისტორია კი დაკავშირებულია არგონავტებისა და ოქროს საწმისის მითთან. ანაკლია რეგიონის ზღვისპირა კურორტია, ბალნეოლოგიური კურორტებიდან აღსანიშნავია ლებარდე, ცაიში და მენჯი.
სამეგრელოს რელიეფი მრავალფეროვანია. აქ შეხვდებით როგორც დაბლობებსა და დაჭაობებულ ნიადაგებს, ასევე მაღალმთიან მხარეებს, სადაც მრავლადაა ალპური ტბები. რეგიონის კარსტულ მღვიმეებს, კანიონებსა და ჩანჩქერებს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული.
მეგრული სამზარეულო გახლავთ რეგიონის უნიკალურობის ერთ-ერთი მიზეზი. განსაკუთრებით ჭარბობს ცხარე სანელებლები (მწვანე და წითელი აჯიკა), ყველის დელიკატესები და ხორცისგან დამზადებული კერძები. სადღესასწაულო სუფრაზე სტუმრებს მუდამ უმასპინძლდებიან ელარჯითა და საცივით. ელარჯი ღომის (ის მცენარე ღომისგან ან სიმინდის ღერღილისა და ფქვილისგან მზადდება) ნაირსახეობაა, რომელსაც ხარშვისას უმატებენ ყველს, საცივი კი ინდაურის (ან ქათმის) ნახარშია შეზავებული სხვადასხვა სანელებლითა და ნიგვზით (ან თხილით). სამეგრელოში გავრცელებულ სასმელებს შორის გამორჩეულია ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან, ოჯალეშისგან, დამზადებული ხასხასა წითელი ფერის, ნახევრად-ტკბილი ღვინო.
სამეგრელოში მრავლადაა არა მარტო კულტურული, არამედ ბუნებრივი ძეგლებიც, არის ადგილები თავგადასავლების მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც მშვიდ დასვენებას ანიჭებს უპირატესობას. კულტურული ძეგლებით დაინტერესებულმა მოგზაურებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი და მის გარშემო გაშენებული ტყე-პარკი ზუგდიდში, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატებიც არის შენახული (ღვთისმშობლის კვართი და ნაპოლეონ ბონაპარტის ნიღაბი). ანტიკური სიძველეებისა და ქალაქის ნანგრევთა მოყვარულთათვის ინტერესის ობიექტია ნოქალაქევი (ციხე-გოჯი, არქეოპოლისი) სენაკის მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, სამეგრელოში ბევრი ეკლესია-მონასტერია. მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებულ ბუნების ძეგლთაგან გამორჩეულია ტობის კასკადოვანი და ონიორეს ჩანჩქერები, მოთენას მღვიმე, ბალდისა და მარტვილის კანიონები. ამ უკანასკნელში შესაძლებელია ნავით გასეირნება და მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით ტკბობა. არ დაგავიწყდეთ ქუაქანცალიას მონახულება – ის 10-12 ტონიანი, მოქანავე, კირქვული ლოდია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
კოლხეთის ეროვნული პარკი მათთვისაა, ვინც დაინტერესებულია ფრინველებზე დაკვირვებით, სპორტული თევზჭერითა და ნაოსნობით. მისი დიდი ნაწილი სამეგრელოს ტერიტორიაზეა და მოიცავს შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. „ჭურიას უბანი“ იდეალური ადგილია მშვიდ გარემოში დასასვენებლად.
თავგადასავლებისა და ლაშქრობის მოყვარულები აუცილებლად უნდა ეწვიოთ ალპურ ტბებს, რომელთა გარშემოც მთები მცველებად წამომართულან. ლებარდეს დიდი და პატარა (ჭიჭე) ტობას ნაპირზე კარვის გასაშლელად საფეხმავლო ბილიკი უნდა გაიაროთ, რომელიც კურორტ ლებარდედან იწყება. ეგრისის ქედიდან ხედები იშლება მდინარე ტეხურას ხეობაზე. მზიან ამინდში ტბების გადაცურვასაც შეძლებთ, ეგრისის ქედის სხვა ტბები კი ამის საშუალებას არ მოგცემენ, წყალი იმდენად ცივია. ცაშკიბულის(ოხოჯეს), დიდი(ჭითაგვალაშ), კალიაშ, წაქაწყარ და დიდღალი ტობავარჩხილი – ეს იმ ტბათა ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოს მსუყე, საფეხმავლო მარშრუტებიდან ერთ-ერთზე მდებარეობს და მნახველს ნამდვილად არ ტოვებს გულგრილს, პირიქით, ზღვა ემოციას ჩუქნის.
სამეგრელოში ღამისთევა შესაძლებელია სასტუმროებსა და საოჯახო სასტუმროებში. ისინი მრავლადაა ანაკლიაში, ფოთში, ზუგდიდსა და მარტვილში; ანაკლიის, მარტვილისა და ლებარდეს რელიეფი ხელსაყრელია კარვის გასაშლელადაც; კოლხეთის ეროვნულ პარკში კი ტურისტებისთვის სპეციალური კოტეჯებიც დაგხვდებათ.
აღნიშვნის ღირსია ორი განსაკუთრებული სალაშქრო მარშრუტი: სამეგრელოდან ზემო სვანეთში გადასვლისას იმოგზაურებთ ეგრისის ქედზე, აქ მოინახულებთ ულამაზეს ტობავარჩხილებსა და ლაკუმურაშ ტობას; სამეგრელოდან ლეჩხუმში გადასვლისას კი კურორტ ლებარდედან ტბების გავლით გაემართებით ასხის ზეგანის მიმართულებით.
[:ka]ლაშქრობა, ეგრესის ქედი, ტობავარჩხილი, ტობა.[:en]Hiking, backpacking, Egrisi ridge, Tobavarchkhili, Samegrelo.[:de]ლაშქრობა, ბექფექინგი, ეგრესის ქედის ტობავარჩხილები.[:ru]ლაშქრობა, ბექფექინგი, ეგრესის ქედის ტობავარჩხილები.[:]
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.