საქართველო მთების ქვეყანაა. აქ, კავკასიის მთებში, უამრავი სალაშქრო ბილიკია ჩაგრეხილ-ჩაწალიკებული. ამ ბილიკებზე მომქანცველი ლაშქრობისას ძალიან მნიშვნელოვანია სრულფასოვანი დასვენება და ძალების აღდგენა მომდევნო დღის ენერგიულად გასატარებლად.
საბანაკე ადგილების შერჩევა აუცილებლად უნდა მოხდეს უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით და თუ გარემო საშუალებას იძლევა, კარგი ხედი და კომფორტული მინდორიც არ იქნება ზედმეტი.
საბანაკე ადგილზე აუცილებლად უნდა იყოს სასმელი წყალი, საკმარისი სივრცე კარვების გასაშლელად და დაცული გარემო ისეთი შემთხვევებისაგან, როგორებიცაა ქვათა ცვენა, წყალმოვარდნა და ძლიერი ქარი.
კომფორტული და მყუდრო საბანაკე ერთიორად მიმზიდველს ხდის მთაში ლაშქრობას და ზოგიერთი ისეთი ლამაზიც არის, რომ მხოლოდ მის სანახავადაც ღირს ხოლმე რომელიმე კონკრეტულ ბილიკზე სალაშქროდ წასვლა. სწორედ ასეთი 14 ადგილი ამოვარჩიეთ წარსადგენად, რომელიც სუბიექტურად მიგვაჩნია ყველაზე გამორჩეულად. რაღა თქმა უნდა შეიძლება არსებობს ისეთი საბანაკე ადგილები, რომელზეც ჯერ არ ვყოფილვართ, ან მავანთა აზრით ამ თოთხმეტეულს სჯობს. არ მოგერიდოთ, გაგვიზიარეთ და გვამცნეთ, რათა მომავალში მათაც ვესტუმროთ.
მაშ ასე:
1. დიდი ოქროწყალი
საპატიო პირველ ადგილს იკავებს საბანაკე დიდი ოქროწყლის ტბასთან. ეს ადგილი მდებარეობს სვანეთში, ჭუბერის თემში, მდინარე ორმელეთის ერთ-ერთ სათავეში ზღვის დონიდან 2400 მეტრზე. ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე შეგიძლიათ აქ წამოგორება და გარემოთი ტკბობა. საბანაკეზე უხვად არის სასმელი წყალი და ხედები სვანეთის კავკასიონზე.
2. არხოტისთავი
მეორე ადგილზეა არხოტისთავის საბანაკე, რომელიც მდებარეობს ხევსურეთში, ჯუთიდან არხოტისკენ მიმავალ სალაშქრო ბილიკზე ზღვის დონიდან 3000 მეტრზე. ივლისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე შეგიძლიათ ესტუმროთ ამ ადგილს და მშვიდად დაისვენოთ. ფუმფულა მინდორზე მოედინება პატარა მდინარე, რომელიც შემდგომში მრისხანე ასად იქცევა და რომლის წყალიც სასმელად ვარგისია.
3. სამოთხე
სამოთხის საბანაკე მდებარეობს ხევში, ხორისარის ზეგანზე. აქ გადის ყელიწადის ტბისკენ მიმავალი სალაშქრო ბილიკი. ვულკანური უსწორმასწორო “ჯოჯოხეთის” გავლის შემდეგ მწვანე და სპორტული მოედანივით სწორი მინდორი ნამდვილად შვებაა ზღვის დონიდან 2660 მეტრზე დაღლილი მოლაშქრისათვის. კარგ ამინდში საბანაკიდან ულამაზესი ხედი იშლება მყინვარწვერსა და თრუსოს ხეობაზე. საბანაკე “ღიაა” ივნისიდან ოქტომბრის დასაწყისამდე, თუმცა აგვისტოდან მოყოლებული სასმელი წყალი იშვიათია. ერთადერთი წყარო შრება.
4. ტობავარჩხილი
ეგრისის ქედი გამორჩეულია ულამაზესი ალპური ტბებით. მათგან ყველაზე დიდი ვერცხლის ტბაა, რომლის ნაპირზეც ხასხასა და ფაფუკი ლამაზხედებიანი საბანაკე ადგილია. ზღვის დონიდან 2660 მეტრზე მდებარე ამ ადგილს გვერდს ვერ აუვლით თუ ტობავარჩხილზე ლაშქრობას გადაწყვეტთ. ამის გაკეთება კი ივნისიდან სექტემბრამდე შეგიძლიათ.
5. ოხოჯე ტობა
ტობავარჩხილის სალაშქრო ბილიკზე კიდევ ერთი მარგალიტი გახლავთ პატარა ტობა ზღვის დონიდან 2560 მეტრზე. ტბის პირას არის ფრიად მოსახერხებელი და მყუდრო ადგილი ღამის გასათევად, საიდანაც შეგეძლებათ თვალი(ყურიც) ადევნოთ ულამაზეს ალპურ ტბასა და მის გარშემო აზიდულ კლდეებს. რეკომენდირებული პერიოდი: ივნისიდან სექტემბრამდე.
6. ლევანის ტბა
ეგზოტიკური და მკაცრი ჯავახეთი არც ლამაზ საბანაკე ადგილების ნაკლებობას უჩივის. აბულის ვულკანურ ზეგანზე ზღვის დონიდან 2570 მეტრის სიმაღლეზე ქვაღორღიან მთებს შორის მოქცეული მინდვრის ნაგლეჯი ტბის პირას იდეალურ საბანაკე ადგილს ქმნის მოლაშქრეებისათვის. სასმელი წყალი ზაფხულის ბოლომდეა, ფაფუკი მინდორი კი პირდაპირ გიბიძგებთ კარვის სოლების მიწაში ჩარჭობისაკენ.
ლევანის ტბაზე სტუმრობა მაისიდან მოყოლებული ოქტომბრის ბოლომდე შეგიძლიათ.
7. ყელიწადის ტბა
ყელიწადის ტბა მდებარეობს ყელის ვულკანურ ზეგანზე ზღვის დონიდან 3081 მეტრზე. ტბის პირას არის საკმარისი რაოდენობის რბილი მინდორი კარვების გასაშლელად და რამდენიმე სასმელი ნაკადული, რომელიც აგვისტოს ბოლომდე ნარჩუნდება. სასურველი პერიოდი: ივლისი – სექტემბერი.
8. ლებარდეს დიდი ტობავარჩხილი
კურორტ ლებარდეს ზემოთ, ეგრისის მთებში ჩამალულია კიდევ ერთი მარგალიტი, ლებარდეს დიდი ტობავარჩხილი ზღვის დონიდან 2300 მეტრზე. ტბის პირას არის სასიამოვნო ფუმფულა მინდორი და ნაკადული სასმელი წყლისთვის. ტბაზე სტუმრობა სასურველია ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე.
9. ღორღიანას ზეგანი
ყელის ვულკანურ ზეგანზე უამრავი დიდი და პატარა ტბაა. მათგან უდავოდ გამორჩეულია მწვერვალ მეფისკალოს ძირში განაბული ღორღიანას სამი ტბა. ჩვენი რჩეული საბანაკე კი ორ ტბას შორის მოქცეული მოსწორებული მინდორია, საიდანაც სურვილისამებრ შესაძლებელია ტბის ამორჩევა და ჩახტომა. სიმაღლე ზღვის დონიდან: 2860მ. სტუმრობისათვის ხელსაყრელი პერიოდი: ივნისი-სექტემბერი.
10. სასვანოს ტბა
სვანეთიდან რაჭისკენ მიმავალი მოლაშქრეების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი უდავოდ გახლავთ ფასის მთა. ზღვის დონიდან 2677 მეტრზე შეგიძლიათ ტბის პირას მდელოზე გაშალოთ კარვები, შემდეგ კი დატკბეთ რიონის სათავეებისა და რაჭის კავკასიონის მყინვარების ხედებით.
11. ხობისწყლის სათავე
სამეგრელო. ტობავარჩხილიდან სვანეთისკენ მიმვალ მოლაშქრეებს ნამდვილად არ აწყენთ კამკამა მდინარის პირას მწვანე რბილ მინდორზე დასვენება და განტვირთვა, სანამ ისევ შეუდგებიან აღმართებს მძიმე ზურგჩანთებით. სასმელი წყალი აქ ამოუწურავადაა, ისევე როგორც მწვანე მინდორი. ზღვის დონიდან 2000 მ. პერიოდი: ივნისი-სექტემბერი.
12. ლაკუმურაშ ტობა
სვანეთის ეგრისის ქედზე მდებარე ეს ლაჟვარდის ტბა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტბაა საქართველოში. მის ნაპირზე არც თუ ისე კომფორტული საბანაკე ადგილია, მაგრამ ადგილისა და ხედების სილამაზიდან გამომდინარე მაინც გადავწყვიტეთ რჩეულ 14 საბანაკეში შეგვეყვანა. ხედები სვანეთის კავკასიონზე, იალბუზსა და ეგრისის ქედის ჩანჩქერებზე ნამდვილად ღირს ერთი ღამით უსწორმასწორო ღორღიან ზედაპირზე დაძინებად.
2560მ ზღვის დონიდან. პერიოდი: ივნისი-სექტემბერი.
13. საქორის ტბა
გუდამაყარი აღმოსავლეთ კავკასიონის მთებში ჭიუხების მასივის სამხრეთით მდებარეობს. სამხრეთის ჭაუხის ძირში, საიდანაც სათავეს იღებს მრისხანე შავი არაგვი, მოკალათებულია პატარა და ლამაზი საქორის ტბა. ტბის პირას ფუმფულა მინდორია. საბანაკიდან კი იშლება ულამაზესი ხედები შავი არაგვის ხეობაზე, ჭაუხის მასივზე და პირაქეთა ხევსურეთზე.
3000მ ზღვის დონიდან. პერიოდი: ივნისი-სექტემბერი.
14. უძირო ტბა
ალპურ ტბებს შორის ნამდვილად გამორჩეულია უძირო ტბა ზემო რაჭაში. მწვერვალ კატიწვერას ძირში ლურჯი კამკამა ტბის პირას ხასხასა მწვანე მინდორია მოსასვენებლად. საბანაკეს კი გვერდით ჩამოუდის ანკარა ნაკადული. 2900 მეტრის სიმაღლიდან გასაოცარი ხედები იშლება რიონის ხეობაზე, რაჭისა და სვანეთის კავკასიონზე. კარგ ამინდში კი პირდაპირ კარვიდან შეგიძლიათ გახედოთ შხარას, უშბასა და თეთნულდს.
სტუმრობისათვის სასურველი პერიოდი: ივნისი-სექტემბერი.