მოგეხსებათ, მწვანე ზებრა ბევრს მოგზაურობს. ჩვენი ტურების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტბების მონახულებაა. გვინდა შემოგთავაზოთ მწვანე ზებრას რჩეული 14 ტბა, რომელიც მდებარეობს საქართველოში, არის ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ვთვლით, რომ ნამდვილად ღირსია მიიქციოს ყველას ყურადღება. ბევრი მათგანი რთულად მისაღწევი და ფართო აუდიტორიისათვის საერთოდ უცნობია, ამიტომაც გადავწყვიტეთ გადმოვალაგოთ და გაგაცნოთ.
1. ყელიწადის ტბა
ყელიწადის ტბა არის ფავორიტი ჩვენს საყვარელ ტბებს შორის. მდებარეობს სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ყელის ვულკანურ ზეგანზე, ზღვის დონიდან 3081მ სიმაღლეზე. წელიწადის დიდ ნაწილში(9 თვე) თოვლითა და ყინულით არის დაფარული.
აქვეა ორი საინტერესო მწვერვალი: შერხოტა და ხორისარი, საიდანაც დიდებული ხედები იშლება არაგვისა და თერგის ხეობებზე.
ყელიწადის ტბიდან ასიოდე მეტრის მოშორებით გადის ოკუპირებული სამაჩაბლოს დე-ფაქტო საზღვარი, ამიტომაც თუ აქ ამოსვლას გადაწყვეტთ, აუცილებლად დაგჭირდებათ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ გაცემული სპეციალური საშვი.
საუკეთესო პერიოდი: აგვისტო-სექტემბერი.
2. ცაშკიბულის ტობავარჩხილი
ცნობილი, როგორც პატარა ტობა ან ოხოჯეს ტბა. მდებარეობს სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2550მ სიმაღლეზე.
მეგრულ ენაზე „ცაშკიბული“ ნიშნავს „კიბეს ცაში“, „ტობავარჩხილი“ კი „ვერცხლის ტბას“.
ოხოჯეს ტბის პანორამული ბილიკებიდან იშლება ხედები მდ. ხობისწყლის ხეობაზე.
პატარა ტობაზე სტუმრობა შესაძლებელია ივნისის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე.
საუკეთესო პერიოდი: აგვისტო.
3. ჭითაგვალას ტობავარჩხილი
დიდი ტობავარჩხილი მდეობარეობს სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650მ სიმღლეზე. აქ არის მთის ბილიკების ერთგვარი გზაჯვარედინი, სადაც იკვეთება სვანეთის, ლებარდეს, მაგანას და ხობისწლის ხეობათა ბილიკები.
დიდ ტობავარჩხილზე სტუმრობა შესაძლებელია ივნისის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე.
საუკეთესო პერიოდი: აგვისტო.
4. წაქარწყალის ტობა
კიდევ ერთი მარგალიტი ეგრისის ქედის ტბათა სისტემიდან. მდებარეობს სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2580მ სიმაღლეზე. გამოირჩევა ბლანტი ფირუზისფერი ზედაპირით და რთულად მიღწევადობით. აქ არ მიდის არავითარი ბილიკი და ბევრ რუკაზე არც არის დატანილი წაქარწლის ტობა, ამიტომაც, თუ აქ წასვლას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გყავდეთ გამოცდილი მეგზური.
წაქარწყლის ტობაზე სტუმრობა შესაძლებელია ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით.
საუკეთესო პერიოდი: აგვისტო.
5. შავი კლდეების ტბა
შავი კლდეების ტბა, თამარის ტბა, ხალახელი, გრძელი ტბა – ბევრი სახელი აქვს ქალბატონს. მდებარეობს კახეთში, ლაგოდეხის ეროვნულ პარკში, კავკასიონის მთავარ ქედზე. სახელმწიფო საზღვარი შავი კლდეების ტბას ყოფს ორ ნაწილად. სამხრეთი ნახევარი საქართველოს ტერიტორიაზეა, ჩრდილოეთი კი რუსეთის ფედერაციის დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ ტბის სიახლოვეს განლაგებულია რამდენიმე სასაზღვრო საგუშაგო, სადაც მოგიწევთ გაიაროთ რეგისტრაცია.
ბილიკი შავი კლდეების ტბისკენ არის მონიშნული და კეთილმოწყობილი. გზაზეა ტურისტული თავშესაფარი და მათთვის, ვისაც მეტი კომფორტი უნდა, შესაძლებელია ქ. ლაგოდეხში ცხენების დაქირავება.
შავი კლდეების ტბაზე სტუმრობა შესაძლებელია ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
საუკეთესო პერიოდი: ივლისი და სექტემბერი.
6. უძირო ტბა
უძირო ტბა მდებარეობს რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2800მ სიმაღლეზე. აქედან იშლება ხედები რიონის ხეობასა და რაჭის კავკასიონზე. კარგ ამინდში ჩანს სვანეთის კავკასიონის მარგალიტებიც: შხარა, უშბა და თეთნულდი.
უძირო ტბაზე სტუმრობა შესაძლებელია ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით.
საუკეთესო პერიოდი: ივლისი-აგვისტო.
7. სასვანოს ტბები
სასვანოს ტბები მდებარეობს რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედზე, ზღვის დონიდან 2681მ. სიმაღლეზე. ტბიდან კარგად ჩანს მყინვარი დიდი ედენა, შოდაკედელას ქედი და რიონის სათავეები.
სასვანოს ტბებზე სტუმრობა შესაძლებელია ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით.
საუკეთესო პერიოდი: ივლისი.
8. ტბიყელის ტბა
ტბიყელის ტბა მდებარეობს აჭარაში, კინტრიშის ეროვნულ პარკში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2200მ სიმაღლეზე. კარგ ამინდში აქედან კარგად ჩანს შავი ზღვა, ან ღრუბლების ზღვა.
ტბიყელის ტბაზე სტუმრობა შესაძლებელია მაისის მეორე ნახევრიდან სექტემბრის ჩათვლით.
საუკეთესო პერიოდი: ივლისი-აგვისტო.
9. ტანიეს ტბა
ტანიეს ტბა მდებარეობს ხევსურეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდ. ტანიეს ხეობაში, ზღვის დონიდან 2200მ სიმაღლეზე.
აქ მისასვლელად საჭიროა გადაკვეთოთ კავკასიონის მთავარი ქედი ტანიეს უღელტეხილზე, საიდანაც პანორამული ხედები იშლება პირაქეთ ხევსურეთსა და არხოტზე.
ტანიეს ტბაზე სტუმრობა შესაშლებელია ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით.
საუკეტესო პერიოდი: ივლისი.
10. აბუდელაურის ტბები
აბუდელაურის ფერადი ტბები მდებარეობს ხევსურეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჭიუხების კლდოვანი მასივის ძირში, ზღვის დონიდან 2600-2900მ სიმაღლეზე.
აქ არის მწვანე, ლურჯი და თეთრი ტბა.
აბუდელაურის ტბებზე სტუმრობა შესაძლებელია ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
საუკეთესო პერიოდი: ივლისი-აგვისტო.
11. ტაბაწყურის ტბა
ტაბაწყურის ტბა მდებარეობს ჯავახეთში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ზღვის დონიდან 2000მ სიმაღლეზე. გამოირჩევა მკაცრი კლიმატით და დიდებული პეიზაჟებით.
ტაბაწყურის ტბაზე სტუმრობა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში ფეხით, ავტომობილით ან თოვლმავლებით.
საუკეთესო პერიოდი: ივლისი და იანვარი
12. ხანჩალის ტბა
ხანჩალის ტბა მდებარეობს ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1930მ სიმაღლეზე. ტბაში არის უამრავი ბალახის „კუნძული“, რომელიც გადამფრენი ფრინველების საყვარელი დასასვენებელი ადგილია, რაც ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის პირდაპირ მისწრებაა.
ხანჩალის ტბაზე სტუმრობა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში.
საუკეთესო პერიოდი: აპრილი-მაისი და ოქტომბერი-ნოემბერი.
13. ლევანის ტბა
ლევანის ტბა არის ერთ-ერთი გამორჩეული აბულის ვულკანურ ტბებს შორის. მდებარეობს ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. გამორჩეულია მარტივი რელიეფით, პეიზაჟებით და მეცხვარე ძაღლებით ზაფხულში.
ლევანის ტბაზე სტუმრობა შესაძლებელია აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.
საუკეთესო პერიოდი: ივნისი-ივლისი.
14. ქოსელის ტბა
ქოსელის ტბა მდებარეობს თუშეთისა და პანკისის საზღვარზე, კავკასიონის მთავარ ქედზე, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2700მ სიმაღლეზე. გამორჩეულია ტბაში მობინადრე სულებით და იქვე მობალახე მოზვრებით.
ქოსელის ტბაზე სტუმრობა შესაძლებელია ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით.
საუკეთესო პრეიოდი: ივლისი-აგვისტო.
იმოგზაურეთ ძალიან ძალიან ბევრი , გამოუშვით დადებითი მუხტი და მიიღეთ უამრავი მაცოცხლებელი ემოცია B) შემდეგამდე 😉