არ აქვს მნიშვნელობა აქტიური მოლაშქრე ხართ თუ პიკნიკების მოყვარული, ბუნებაში თუ გასულხართ, დიდი ალბათობით ერთხელ მაინც შეხვდებოდით თქვენი წინამორბედის დაყრილ „ბუნების მშვენებებს“ : დაცლილ-დაჭეჭყილ წყლის ბოთლებს, სიგარეტის ნამწვებსა თუ დაფლეთილ პოლიეთილენის პარკებს. ყველამ ვიცით, რომ ასეთი უგუნური ქმედება სერიოზულ ზიანს აყენებს ბუნებას (რომ აღარაფერი ვთქვათ ბუნებაში დაყრილი ნაგვის არაესთეტიურობასა და არაჰიგიენურობაზე). მაგრამ, ცოტამ თუ იცის, კონკრეტულად – როგორ. ამ პატარა სტატიაში სწორედ რომ ბუნებაში ნაგვის გადაყრის შედეგებზე წაიკითხავთ.
პირველ რიგში უნდა განვმარტოთ – რას ნიშნავს დანაგვიანება? ყავის ჭიქების, ალუმინის ქილების, სიგარეტის ნამწვების, გემოგასული საღეჭი რეზინისა თუ სხვა მსგავსი ნარჩენების ძირს დაყრა ან მანქანიდან გადასროლა არის დანაგვიანება. ამ უკანასკნელს ზიანი მოაქვს ცხოველებისთვის თუ მცენარეებისთვის, რასაც ბოლოში მაინც ჩვენზე – ადამიანებზე აქვს გავლენა.
ჟანგბადი
იცოდით, რომ პლანეტაზე ჟანგბადის დაახლოებით 70-80% წყლის საფარისგან იწარმოება?
დედამიწაზე არსებული 6.9 მილიარდ ტონაზე მეტი პლასტმასის ნარჩენებიდან დაახლოებით 6.3 მილიარდი ტონა სანაგვე კონტეინერშიც კი არ მოხვედრილა – ისინი ადამიანებმა პირდაპირ ტყეებსა თუ ოკეანეებში მოისროლეს. ბუნებაში დაყრილი ეს ნაგავი კი ბოლოს წყალში ამოყოფს თავს და საფრთხეს უქმნის იმ მიკროორგანიზმებს, რომელთაც ჟანგბადის წარმოებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით.
სასმელი წყალი
რომ არაფერი ვთქვათ ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰაერის დაბინძურებაზე, ასევე უვარგისი ხდება სასმელი წყალიც. პლასტმასის მიკრონაწილაკები სასმელ წყლებს წამლავენ და ადამიანის ორგანიზმში აღწევენ. განსაკუთრებით საფრთხეს ე.წ. გამძლე, ბიოაკუმულირებადი და ტოქსიკური (Persistent, bioaccumulative and toxic (PBT)) ქიმიქატები წარმოადგენენ. მთაში დაყრილი ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებებს, წამლავენ წყაროებსა და მდინარეებს, რომლებიც მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვნელობას წარმოადგენენ.
ცხოველები და ფრინველები
ჰაბიტატის სტრუქტურის შეცვლა გამოწვეულია ორგანული თუ არაორგანული ნარჩენების დაგროვებით ისეთ ადგილებში, როგორიცაა ზღვის, ოკეანეების, მდინარეებისა თუ წყაროების ნაპირები და ფსკერი. გზაზე / ტყეში / მთაში დაყრილი ნარჩენი წვიმის წყლის საშუალებით ირეცხება და ქიმიური ნივთიერებები აღწევენ მიწისქვეშა წყლებში. ისინი ცვლიან სინათლისა და ჟანგბადის დონეს და წყლის ქიმიურ შემადგენლობას, რასაც ბოლოს კატასტროფული შედეგი აქვს ამ წყლით მსაზრდოებელი ორგანიზმებისთვის.
პლასტმასის ნარჩენებიდან გამოყოფილმა ქიმიკატებმა შესაძლოა გაანადგუროს ის მიკროორგანიზმები, რომლებითაც მცენარეები თუ წყლის პატარა მწერები იკვებებოდნენ. ამას პირდაპირი გავლენა აქვს თევზებსა თუ წყალქვეშ მცხოვრებ სხვა ბინადრებზე. საბოლოოდ კი მათ გაქრობის შედეგად ნადგურდებიან ის ცხოველები და ფრინველები, რომლებიც იკვებებოდნენ ამ ორგანიზმებით. ბუნებაში მიმდინარე პროცესები ერთმანეთთან იმაზე მეტადაა გადაჯაჭვული, ვიდრე ჩვენ შეიძლება გვეგონოს. ამიტომ, აუცილებელია იმის გააზრება, რამხელა ზარალი შეიძლება მოჰყვეს ჩვენს გადაგდებულ თითოეულ ბოთლს ან სიგარეტის ნამწვს.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბუნება არ დავანაგვიანოთ?
ატარეთ მრავალჯერადი გამოყენების ჭიქა – თავიდან აირიდებთ უამრავ არასასურველ ნარჩენს პოლიეთილენისა თუ ქაღალდის ერთჯერადი გამოყენების ჭიქების სახით. სასურველი მაინც რკინის ჭიქაა – იგი არ არის ჯანმრელობისთვის საზიანო ( პლასტმასის ჭიქა ცხელ სითხესთან რეაქციის დროს გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს და ჯანმრთელობას ზოგჯერ სერიოზულ ზიანს აყენებს) და აქვს კარგი გამძლეობა (ქაღალდის ჭიქა უმრავლეს შემთხვევაში ლბება და უვარგისი ხდება პირველივე გამოყენების შემდეგ).
ატარეთ არაერთჯერადი გამოყენების ბოთლი წყლისთვის – გარემოში ნამოვნი საყოფაცხოვრებო ნარჩენებიდან ყველაზე დიდი წილი პლასტმასის ბოთლებზე მოდის. საქართველოს წყლის მარაგი საკმარისად აქვს. თითქმის ყველა სალაშქრო მარშრუტზე გვხვდება წყაროები, საიდანაც წყლის ავსება შეგვიძლია. ამისთვის მრავალჯერადი გამოყენების ბოთლის თან ქონა და წყლის წერტილების ცოდნა საკმარისია.
უკან წაიღე, რაც მოიტანე – თუ მაინცდამაინც ერთჯერადი ნივთების გამოყენება გსურთ, ან არ ხართ აქტიური მოლაშქრე და სპეციალური ჭურჭლის ყიდვა არ გინდათ ერთდღიანი პიკნიკისთვის, მაშინ ეს პრინციპი უნდა გაითავისოთ : რაც ზურგჩანთით მოგაქვთ, ისევ უკან უნდა წაიღოთ. როდესაც წყლის ბოთლს დაცლით, ბუნებაში კი არ გადააგდოთ (და სიამაყით გაიჯგიმოთ, რომ რეინჯერებსა თუ ტყის დამსუფთავებლებს სამსახურს უნარჩუნებთ თქვენი მავნე ჩვევით, არამედ უკან წაიღოთ (საუკეთესო ვარიანტში, სადმე სახლამდე ნაგვის ურნაში მოათავსოთ). იგივე პრინციპი ეხება საკვების ერთჯერად შეფუთვას, პოლიეთილენის პარკებს, სიგარეტის ნამწვებსა თუ სხვა ტოქსიკურ ნარჩენებს.
„ეს ერთი რას უზამს?“ – ზოგიერთი ადამიანის ფსიქოლოგია ასე უცნაურად მუშაობს : თუ სხვამ გადაყარა ნაგავი, მასაც შეუძლია იგივე გააკეთოს : რამდენიმე ასეულ პარკთან ერთი პარკის მიმატება დიდად არაფერს შეცვლის. ასეა ხომ? არა, არა და არა! ასეთმა დაუდევარმა და დაუფიქრებელმა საქციელმა აავსეს მყინვარწვერი (და არამხოლოდ) ათასობით კილო ნარჩენით. მათი ჩამოტანა ასეთი კომპლექსური რელიეფიდან რთულია და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული (მყინვარწვერიდან ასეულობით ტომარა ნარჩენის ჩამოსატანად ვერტმფრენი გახდა საჭირო). ამიტომ, შევეცადოთ, არ გადავყაროთ ნაგავი მაშინაც კი, როდესაც გარემო უკვე სავსეა ნარჩენებით. პირიქით, შევეცადოთ და ზოგიერთი სამაგალითო მოლაშქრის მსგავსად, ბილიკზე ნაპოვნი სხვისი დატოვებული ნარჩენებიც კი უკან წამოვიღოთ.
სტატიის ავტორი ნინო გაბაძე