ჯავახეთი მხარეა სამხრეთ საქართველოში, იგი ისტორიული მესხეთის შემადგენლობაში შედიოდა. დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ის მიეკუთვნება სამცხე-ჯავახეთის მხარეს.
ჯავახეთს დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სამცხე, ისტორიული თორი და ქვემო ქართლი, მისგან სამხრეთით კი მდებარეობს თურქეთი და სომხეთი.
ჯავახეთს ეკუთვნის ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები. ისტორიული ჯავახეთი იყოფოდა ზემო ჯავახეთად და ქვემო ჯავახეთად. ზემო ჯავახეთის ცენტრი იყო ახალქალაქი, ქვემოსი – თმოგვი. დღეს კი რეგიონის ცენტრს წარმოადგენს ახალქალაქი.
ჯავახეთის ვულკანური ზეგანის რელიეფი ძირითადად მოიცავს ტბიან და ჭაობიან ტაფობ-ქვაბულებსა და მდინარეების კანიონისებურ ხეობებს. ის ყველაზე ცივი ადგილია საქართველოს დასახლებებს შორის, აქ ტბებიც კი ხანგრძლივი დროით იყინება ზამთარში. ჯავახეთის პლატოზე ხუთი აღკვეთილი (ბუღდაშენი, ხანჩალი, მადათაფა, სულდა, კარწახი) და ჯავახეთის ეროვნული პარკი მდებარეობს. აქ შეხვდებით ვულკანური წარმოშობის მთებსა და ვრცელ ვაკეებს, ალპურ და სუბალპურ მდელოებს. ჯავახეთი უტყეო მხარეა, მხოლოდ ხელოვნურად გაშენებულ ტყეებს თუ ნახავთ აქეთ.
ჯავახეთში განვითარებულია მეცხოველეობა და მიწათმოქმედება. შესაბამისად, ამ მხარეში არსებობს მარცვლელულის მომზადების კულტურა, ძირითადად გავრცელებულია რძის პროდუქტებითა და ხორცით დამზადებული კერძები და ცომეული, ქერის არაყი. ჯავახეთში ხინკალს ამზადებენ წეროსა და ბატის ხორცისგან, ასევე, აპოხტისგან (ჰაერზე გამომშრალი ხორცი). ისინი ჩვეულებრივი ხინკლისგან განსხვავებით მომცრო ზომისაა. გამორჩეული ჯავახური კერძია თუთმაჯი – შემწვარი და მოხარშული ცომის ნაჭრები შეზავებული ხახვითა და ნადუღით (ან მაწვნით) თავის წვენთან ერთად; მაკარლამა კი თუთმაჯია წვენის გარეშე. დელიკატესი, ტენილი ყველი, რომელსაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ვიზუალურად გრძელ და წვრილ ძაფს მოგაგონებთ. მისი დამზადება-დამუშავების ტექნოლოგია არც ისე მარტივია, აქვს ნაზი კონსისტენცია.
ჯავახეთში განსაკუთრებული სანახაობა ელოდებათ ხუროთმოძღვრული ძეგლებისა და ტბების მოყვარულებს. ასპინძის მუნიციპალიტეტში მრავლადაა ისტორიული ძეგლები: ვარძია (კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი), ვანის ქვაბები (გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი), ისტორიული ციხე-ქალაქი – თმოგვი, ხერთვისის შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, სოფელი სარო და საროს მეგალითები. მეგალითური-ციკლოპური ნაგებობა უზარმაზარი ქვის ლოდებისგანაა აღმართული. მსგავსი კულტურის ძეგლები გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, საქართველოში კი ჯავახეთია ამ მხრივ მდიდარი. მათ შორის გამორჩეულია შაორის ციხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში და აბულის ციკლოპური ციხე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, რომელიც მთა პატარა აბულზე მდებარეობს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტშია რეგიონის ყველაზე მაღალი წერტილი – მთა დიდი აბული. ადგილობრივი ღირსშესანიშნაობებიდან განსაკუთრებულია ახალქალაქის ციხის ნაქალაქარი და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კლდეში ნაკვეთი მონასტერი სოფელ სამსარში და მონასტერი სოფელ კუმურდოში, ასევე, ხოზაფინის (კარწახის) ტბა, რომლის ნახევარი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
აქაური ტბები გამოირჩევა თევზისა და გადამფრენი ფრინველების სიმრავლით. თუ დაინტერესებული ხართ ფრინველებზე დაკვირვებით, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე საგანგებოდ მოწყობილი კოშკურები დაგხვდებათ, აქვე შესაძლებელია სამოყვარულო თევზაობაც. განსაკუთრებით ტბაუხვია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი. ეს იმ ტბების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც შეგიძლიათ აქ ესტუმროთ: ბუღდაშენის, მადათაფას, საღამოს, ხანჩალისა და ფარავნის ტბები. მათ შორის უკანასკნელი ზედაპირის ფართობით ყველაზე დიდი ტბაა საქართველოში. ფოკა მასთან გაშენებული სოფელია, სადაც მოქმედებს წმინდა ნინოს სახელობის დედათა და მამათა მონასტრები. ტბების მიმდებარედ შესაძლებელია საცხენოსნო, საფეხმავლო და ველო ტურების დაგეგმვა. ასევე, არ დაგავიწყდეთ დუხაბორთა ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულება სოფელ გორელოვკაში .
ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ბევრი საოჯახო სასტუმროა, შეხვდებით ჩვეულებრივ სასტუმროებსაც. ჯავახეთის რელიეფი ხელსაყრელია კარვის გასაშლელადაც.
ჯავახეთის სალაშქრო მარშრუტებს შორის გამორჩეულია მოგზაურობა აბულის ვულკანურ ზეგანზე, სადაც ბევრი ჩამქრალი ვულკანი და პატარ-პატარა ვულკანური ტბაა. მთავარი სანახაობაა სამსარის ქედზე მდებარე ლევანის ტბა და დიდი აბულის მთა, რომელიც ასევე ჩამქრალი ვულკანია.
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.