ხშირად ისმის ხოლმე კითხვები თუ რატომ შეიძლება იყოს საჭირო სალაშქრო ჯოხი და რა განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს ისეთი, რომ მისი ყიდვა მოვინდომოთ. დავიწყებ იმით, რომ სალაშქრო ჯოხების მთავარი ხიბლი მათი მრავალფუნქციურობაა. ისინი შეიძლება გამოიყენოთ როგორც დატვირთვის გამანაწილებლად, სიარულის ტემპის შესანარჩუნებლად, წყლის ან ტალახის სიღრმის დასადგენად, კარვის უკეთესად დასაჭიმად, დასასვენებლად, თავდაცვისთვის და ა.შ.
მე, როდესაც მძიმე ჩანთით მიწევს სიარული ყოველთვის ვიყენებ ჯოხებს, როგორც ჩემი მუხლების მეგობარს. კვლევები, ამბობს რომ ჯოხები 25%-ით ამცირებს დატვირთას მუხლებზე, ამიტომ რატომ უნდა დავიკლო ეს მაჩვენებელი მისი არასწორად გამოყენებით?
ალბათ დამეთანხმებით, რაც არ უნდა კარგი აღჭურვილობა იქონიოთ, თუკი მათ სწორად არ გამოიყენებთ მის სიკარგეს ბოლომდე ვერ შეიგრძნობთ. ამ სტატიის მუღამი ზუსტად ესაა, რომ სალაშქრო ჯოხები დავტვირთოთ 100%-ით და მათზე გადავიტანოთ ჩვენი ენერგიის გარკვეული ნაწილი.
რჩევა 1: შეარჩიე სიმაღლე
ჯოხის სიმაღლე მიწიდან ისე უნდა შევარჩიოთ რომ ხელის მოკიდებისას იქმნებოდეს 90 გრადუსიანი კუთხე (როგორც ფოტოზეა ნაჩვენები). ნებისმიერ სალაშქრო ჯოხს, თუკი ის ფორმაშია, აუცილებლად აქვს ერთი ან ორი მარეგულირებელი განყოფილება, რომლის მიხედვითაც მარტივადაა შესაძლებელი სასურველ სიმაღლეზე დაყენება.
რათქმაუნდა სიმაღლე აღმართთან და დაღმართთან ერთად უნდა ცვალოთ.
რჩევა 2: მოკიდე ხელი სწორად
იმისთვის რომ ჯოხზე სრულად გადავანაწილოთ დატვირთვა აუცილებელია ხელი სწორად მოვკიდოთ ჯოხს. ნებისმიერ თავმოყვარე ჯოხს მოყვება ნაჭრის სპეციალური, რეგულირებადი ღვედი, რომელზეც სწორად დაწოლის შემთხვევაში ნაკლებ ენერგიას დავხარჯავთ. პრაქტიკაში კი ასე გამოიყურება:
რჩევა 3: სწორად იარე
როდესაც იყენებთ ორ ჯოხს აუცილებელია იაროთ სწორად, რადგან უფრო მეტად არ დაიღალოთ. სწორად სიარული კი ასე გამოიყურება: მარჯვენა ფეხი-მარცხენა ჯოხი, მარცხენა ფეხი – მარჯვენა ჯოხი. ყველაფერი უბრალოა , მაგრამ არა მარტივი. თავიდან ასეთი რეგულარული ტემპის შენარჩუნება საკმაოდ რთულია, თუმცა მცირე აქტიური მეცადინეობით მალევე შეეჩვევით და ალილუიასავით გაჯდება თქვენში წყვილი მოქმედებები.
რჩევა 4: გამოიყენე შესაბამისი სამაგრები
ყველა თავმოყვარე ჯოხს აუცილებლად მოყვება სხავდასხვა ტიპის სამაგრები განსხვავებული რელიეფებისთვის. მაგალითად ფიფქები გამოიყენება თოვლისთვის, წრიკოები – ტალახიანი ზედაპირის დროს და ა.შ
რჩევა 5 : დაისვენე ჩანთის მოუხსნელად
მეთოდი 1
დასვენების ეს მეთოდი ძალიან პრაქტიკული და მისაღებია, მას ხშირად შეხვდებით უცხოური თუ ქართული ფოტო-ვიდეო მასალების ცქერისას. ჯოხებს მთელი სხეულით ვაწვებით და ვცდილობთ ჩანთის მთელი დატვირთვა გადავიტანოთ მათზე.
მეთოდი 2
დასვენების ეს მეთოდი კი პირადი გამოცდილებით შევქმენი და ვთვლი რომ ერთ-ერთი კარგი აღმოჩენაა. თუმცა არ მუშაობს ყველა ტიპის ჩანთაზე. იმისთვის, რომ შეძლოთ ჯოხების ასე გამოყენება, საჭიროა თქვენს ჩანთას ჰქონდეს საკმაოდ სქელი მენჯის შესაკრავი ქამარი.
თეორიულად კი ასე ჟღერს: მენჯის სამაგრზე ქვემოდან უნდა ამოსდოთ ჯოხები და დააყენოთ იმ ზომაზე რა ზომაც იქნება საკმარისი ჩანთის ასაწევად. მთავარი მიზანია ჯოხებმა ასწიონ ჩანთა და ჩანთის ძირითადი დატვირთვაც მათზე გადანაწილდეს. შეგიძლია თავად გამოსცადო და დატკბე ხედებით, ცხოვრებით ან უბრალოდ შესვენებით.
რჩევა 6: დაკეცე და იბატონე
არის შემთხვევები როდესაც ჯოხი უბრალოდ “ქარქაშში უნდა ჩააგო” (მაგალითად აქტიური ფოტო-ვიდეო გადაღებისას, ვიწრო სახიფათო მონაკვეთის გავლისას), რადგან მისი გამოყენება საჭირო აღარ იყოს. ამისთვისაა კარგი სწორედ სალაშქრო ჯოხი, შეგიძლია დაკეცო და დაიყვანო მის ყველაზე პორტატულ ზომამდე, მიამაგრო ჩანთაზე და იყო ბედნიერი.
ვფიქრობ რომ ეს სტატია დამწყებ და თუნდაც გამოცდილ მოლაშქრეებს გემრიელად გამოადგება, ამიტომ ნუ დაინანებთ და გაუზიარეთ ყველა თქვენ გარშემო მყოფ ბუნებისმოყვარულს. თავად ჯოხების შერჩევის კრიტერიუმებზე და მოვლისა საშუალებებზე სხვა დროს და სხვა სტატიაში ვისაუბრებ.
რას ფიქრობთ ამ ყველაფრის მერე ისე ღირს რცხილისა და წიფელის ტოტის იმედად ლაშქრობებზე სიარული? 🤔