ლაშქრობის სახეობები – როგორი შეიძლება იყოს თქვენი მოგზაურობა ბუნებაში?
ჰაიკინგი, ტრეკინგი და ბექფექინგი – დასავლური წარმოშობის სიტყვები, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა ქალაქგარეთა აქტივობებს და ქართულად მხოლოდ ერთი შესატყვისი – ლაშქრობა აქვთ. რაც დრო გადის, სალაშქრო სფერო უფრო და უფრო ვითარდება საქართველოში. შესაბამისად, ჩნდება მოთხოვნილება რომ ერთმანეთისაგან განსხვავებული აქტივობები გაიმიჯნოს და საკუთარი სახელი დაერქვას.
იმდენად, რამდენადაც დასავლეთში ლაშქრობისა და ზოგადად მოგზაურობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვთ, ეს სფერო ძირფესვიანად შეისწავლეს და ერთი შეხედვით მსგავს აქტივობებს თავ-თავისი სახელებიც დაარქვეს. ჩვენთან კი, ეს ყველაფერი ახლა იკიდებს ფეხს და სანამ ქართულ შესატყვისებს მოვუფიქრებთ, შემდეგ კი დავამკვიდრებთ, მათივე მშობლიური სახელებით მოვიხსენიოთ.
ამ სტატიაში მოკლედ განვიხილავთ ლაშქრობის სამი სახეობის მახასიათებლებსა და განმასხვავებელ ნიშნებს.
HIKING / ჰაიკინგი
ჰაიკინგი არის საფეხმავლო მოგზაურობა ბუნებაში, პარკში, დაცულ ტერიტორიაზე ან სხვაგან, გარდა დასახლებული პუნქტებისა. ჰაიკინგის დროს ჩვენ ძირითადად ვსარგებლობთ ადამიანის მიერ შექმნილი გზებითა და ბილიკებით, რომლებიც გამდიდრებულია მანიშნებელი დაფებითა და ნიშნებით.
ჰაიკინგი არის აუცილებლად ერთდღიანი მოგზაურობა, რა დროსაც ფიზიკური დატვირთვა არის მინიმალური და დღის ბოლოს აუცილებლად ვბრუნდებით სახლში. ეს არის სასიამოვნო სეირნობა ქალაქგარეთ კომფორტის ელემენტებით. ნაკლები ძალისხმევითა და ფიზიკური დატვირთვით მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება, ჩავისუნთქოთ სუფთა ჰაერი და დავტკბეთ ბუნების მშვენიერებით – რატომაც არა?
TREKKING / ტრეკინგი
ტრეკინგი არის უფრო რთული ლაშქრობა, ვიდრე ჰაიკინგი.
ესაა ორ ან მეტდღიანი მოგზაურობა ტურისტულ მარშრუტებზე, რა დროსაც ხდება მანძილის დაფარვა A პუნქტიდან B პუნქტამდე. მეორე დღეს – B პუნქტიდან C პუნქტამდე და ა.შ.
ტრეკერ მოლაშქრეებს თან აქვთ მცირე ზურგჩანთა, რითიც ატარებენ მხოლოდ იმ აუცილებელ ნივთებს, რაც გზაში შეიძლება დაჭირდეთ. საკვები, ღამის გასათევი საშუალებები(კარავი, საძილე, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ა.შ) მოაქვს მანქანას ან ცხენებს და მოლაშქრეებს ხვდებათ ღამის გასათევ პუნქტებში. მათთვის, ვისაც უნდა დაათვალიეროს მრავალდღიანი მთის მარშრუტები, გემო გაუგოს უღელტეხილების დაძლევას, კარავში ძილსა და მსუბუქი ბეჭებით მთისა თუ ბარის ბილიკებზე სიარულს, ამასთან არ შეუძლია, ან უბრალოდ არ უნდა მძიმე ზურგჩანთით აღმართებზე ქოშინი, ხერხემლის დატვირთვა თუ დაქანცულს კარვის გაშლა, ტრეკინგი ლაშქრობის ყველაზე მისაღები ფორმაა.
BACKPACKING / ბექფექინგი
ბექფექინგი არის ლაშქრობის ყველაზე რთული ფორმა, რა დროსაც მოლაშქრეებს მოგზაურობის მთელ მანძილზე საკუთარი ბარგი დააქვთ საკუთარი ზურგით, ზურგჩანთით.
ბექფექინგის დროს აუცილებელი არაა მივყვებოდეთ მონიშნულ და კეთილმოწყობილ ბილიკებს ან გათელილ ტურისტულ მარშრუტებს წინასწარ განსაზღვრული ღამისთევის პუნქტებით. არც ჩვენს ბარგს წამოიღებს ფრუტუნა ცხენაჩუა. ბანაკში მისულებს არც კარვები დაგვხვდება გაშლილი და არც საკვები მომზადებული. თუმცა ზოგი მოლაშქრისათვის ეს ყველაზე მისაღები გზაა საკუთარი თავისა და სამყაროს შესაცნობად.
სტატიის დასასრულს მინდა გთხოვოთ დააფიქსიროთ თქვენი ვერსიები ლაშქრობის სახეობათა ქართული შესატყვისების შესარჩევად B|