სვანეთი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმისგანაც ეგრისისა და ლეჩხუმის ქედებით არის გამოყოფილი.
რეგიონი სვანეთის ქედით ორ ნაწილადაა გაყოფილი: ქედის ჩრდილოეთით ზემო სვანეთია (მდინარე ენგურის ხეობა), სამხრეთით – ქვემო სვანეთი (მდინარე ცხენისწყლის ხეობა). დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით ზემო სვანეთი ეკუთვნის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტს, ქვემო სვანეთი კი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ლენტეხის მუნიციპალიტეტს.
ისტორიულად სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ – ეგრისის სამეფოსი. მოგვიანებით ის სამ ნაწილად დაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად. ისტორიულ სვანეთს ეკუთვნოდა კოდორის ხეობაც, რომელიც დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
სვანეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება რაჭა, სამხრეთით ლეჩხუმი და სამეგრელო, დასავლეთით აფხაზეთი, სამხრეთით კი რუსეთის ფედერაცია.
მთებში ჩაფლული სვანეთი კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული რეგიონია. რელიეფის საკმაოდ დიდი ნაწილი მყინვარულია და მუდმივი თოვლითაა დაფარული. აქ შეხვდებით კავკასიონის გამორჩეულ, უმაღლეს მწვერვალებს, როგორიცაა ორთავიანი უშბა, თეთნულდი, ცხრათავიანი შხარა, შოთა რუსთაველი, აილამა და სხვები. შხარა საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალია, ალპინისტური თვალსაზრისითაც საკმაოდ რთული მწვერვალის სტატუსი აქვს არამარტო საქართველოში. ის ცენტრალური კავკასიონის ყველაზე მაღალ მონაკვეთზე, ბეზენგის კედელზე, მდებარეობს.
სვანეთში კერძების მომზადებისას ძირითადად ადგილზე მოპოვებულ ინგრედიენტებს – რძის პროდუქტებს, ხორცსა და მარცვლეულს – იყენებენ. თითქმის ყველა კერძი შეზავებულია სვანური მარილით, რომელიც სუფრის მარილის, წიწაკისა და სურნელოვანი მცენარეების დანაყილი ნარევია. სვანურ სამზარეულოსთან, პირველ რიგში, კუბდარი ასოცირდება. ის საქონლის ან ღორის ხორცის ღვეზელია. მასთან ერთად სვანები ე.წ. რახს, ერთნახად არაყს, მიირთმევენ. აქ ასევე პოპულარულია თაფლის არაყი – რანგი. ყველისგან დამზადებულ კერძებში გამოირჩევა თაშმიჯაბი (კარტოფილის მდუღარე პიურეში ჩაზელილი ახალი ყველი), ჭვიშტარი (ყველიანი მჭადი) და ფეტვიანი ხაჭაპური.
სვანეთი იდეალური რეგიონია თავგადასავლების მოყვარულთათვის. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ალპინიზმით დაინტერესებულთათვის, სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს შეუძლიათ ეწვიონ ჰაწვალის და ზურულდის, თეთნულდის სასრიალო ტრასებს. სვანეთის კულტურული ძეგლები წარმოდგენილია 200-მდე სვანური საგვარეულო კოშკითა და 100-მდე ეკლესიით. ძველად კოშკებს იყენებდნენ საცხოვრებლად და მტრისგან თავის დასაცავად.
მთავარი ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად იდეალური ათვლის წერტილია დაბა მესტია. აქედან შესაძლებელია დანიშნულების ადგილამდე როგორც ფეხითა და ცხენით, ასევე მაღალი გამავლობის მანქანით გადაადგილება. შეგიძლიათ მათი ადგილზევე ქირაობა. აუცილებლად უნდა ესტუმროთ ბეჩოს, ლატალის (აქვეა მხერის მთა), იფარის, მულახის, კალასა და უშგულის თემის სოფლებს. არ დაგავიწყდეთ ჭალაადის მყინვარის, ქორულდის ტბებისა და შდუგრას (მაზერის) ჩანჩქერის მონახულება, რომელიც ყველაზე წყალუხვია საქართველოში. მესტიაში აუცილებლად უნდა ეწვიოთ მარგიანების გვარის სახლ-მუზეუმს, სვანი მთამსვლელის, „კლდის ვეფხვის“ მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმსა და სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სადაც, მართლაც რომ, უნიკალური ნივთებია შემონახული. სოფელი ჩაჟაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი. ის უშგულის თემის ცენტრია და აქ ყველაზე მეტი კოშკია შემორჩენილი თემის სხვა სოფლებთან შედარებით.
ასევე, ეკლესიებისა და კოშკების მონახულება შეგიძლიათ ქვემო სვანეთში, დაბა ლენტეხში, სტუმრობისას. აქვეა კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი მუაში.
ღამისთევა შესაძლებელია ჩვეულებრივ სასტუმროებსა და საოჯახო სასტუმროებში როგორც ქვემო, ასევე ზემო სვანეთში. ადგილობრივი რელიეფი ხელსაყრელია კარვის გასაშლელადაც.
სვანეთში საინტერესო თავგადასავალი ელოდებათ ლაშქრობის მოყვარულებსაც. ზემო სვანეთის განსაკუთრებულ სალაშქრო მარშრუტზე მდებარეობს დიდი და პატარა ოქროწყლის ტბები. ეს სანახაობა ჭუბერის თემში, ორმელეთის ხეობაში, აფხაზეთის საზღვართან გელოდებათ. შესაძლებელია ქვემო სვანეთიდან ზემო რაჭაში გადასვლა „ზესხოს“ ალპინისტური ბანაკის გავლით და რაჭაში „სასვანოს“ ტბების მონახულება; ქვემო სვანეთიდან ქვემო რაჭაში გადასვლის შემთხვევაში კი რაჭაში ჭუთხაროს ტბებს შეგიძლიათ ეწვიოთ; თუ ეგრისის ქედზე იმოგზაურებთ და სამეგრელოდან სვანეთში გადმოხვალთ, სხვა ტობავარჩხილებთან ერთად სვანეთის ლაკუმურაშ ტობა ნამდვილად შეძლებს თქვენს გაოცებას.
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.