ყაზბეგის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია დაბა სტეფანწმინდა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე ხევის ტერიტორიას.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის რელიეფი მაღალმთიან ხასიათს ატარებს. რელიეფი ძირითადად კლდოვანი და ძნელად მისადგომია. განვითარებულია ეროზიული, ვულკანური და ძველ მყინვარული რელიეფის ფორმები. სპორადულად გვხვდება კარსტიც.
მთავარი ოროგრაფიული ერთეულია ხევის კავკასიონი და აგრეთვე მერიდიანული შანის, ყუროსა და კიდეგანის ქედები; გვერდითი ქედებიდან — ხოხის ქედი.
ყაზბეგის მუნიციპალეტიტის შემადგენლობაში შედის სოფლები: აბანო, ალმასიანი, არშა, აჩხოტი, ახალციხე, გარბანი, გველეთი, გორისციხე, გუდაური, ვარდისუბანი, კარკუჩა, კობი, სიონი, სნო, ტყარშეტი, ფანშეტი, ფხელშე, ქვემო ოქროყანა, ქოსელი, ქუმლისციხე, ყანობი, ცდო, ხურთისი, ჯუთა, ბურმასიგი, ტეფი, ცოცოლთა, რესი, ყარათყაუ, ნოგყაუ, სუათისი, ჯიმარა.
ხევის სამზარეულოშიც, როგორც ყველა სხვა მთის კულინარიაში დომინანტია ხორცი, რძის პროდუქტები და დღესასწაულებზე მოხარშული ლუდი. განსაკუთრებული პოპულარობით აქ სარგებლობს ხინკალი დაკეპილი ხორცით და გამორჩეული მთის ლუდი ალუტონი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი სანახაობაა მთების, ტბების, ლაშქრობისა და მოგზაურობის მოყვარულთათვის. ყაზბეგში აუცილებლად უნდა ნახო: თრუსოს ხეობა, ყელიწადის ტბა, გველეთის დიდი და პატარა ჩანჩქერები, დარიალის და ხდის ხეობები, გამორჩეული ხედები ყუროს გადასახედიდან საიდანაც დაბა სტეფანწმინდა ხელის გულზე იშლება და რა თქმა უნდა, გერგეტის სამებაც არ უნდა გამოგვრჩეს, ასევე, სნოს ხეობა და განსაკუთრებულად კი სოფელი ჯუთა და მისი ულამაზესი ჭაუხების მასივი. ალპინიზმის მოყვარულთათვის კი ყაზბეგში შესაძლებელია მყინვარწვერის და ჭაუხების კლდოვანი მასივის დალაშქვრა. კლდეზე ცოცვის მოყვარულთათვის, სოფელ არშაში არის ბუნებრივი საცოცი კედელი. ზამთრის ტურიზმის მოყვარულებს კი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი გაუწევს მასპინძლობას.
ყაზბეგში ღამისთევა შესაძლებელია სოფელ არშაში, სოფელ ჯუთაში არსებულ კემპინგებზე, დაბა სტეფანწმინდაში, სნოს, აჩხოტისა და გერგეტის საოჯახო სასტუმრობეში. ასევე, რელიეფი იძლევა შესაძლებლობას დარჩეთ ღამე კარვით.
თუ გაქვთ დრო და გიყვართ ლაშქრობა ველურ გარემოში, შეგიძლიათ, რამდენიმე გზით მოხვდეთ ყაზბეგში და თან გაიაროთ ულამაზესი მარშრუტები. ყაზბეგიდან შესაძლებელია, როგორც ხევსურეთში ჭაუხის უღელტეხილით, არხოტში არხოტისთავის უღელტეხილით, ასევე გუდამაყარში ულამაზესი ქვენამთის უღელტეხილით გადასვლა.
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.