უკვე დიდი ხანია არავინ დავობს იმაზე, რომ „სუსტ” სქესს განსაკუთრებულად გვიყვარს ფოტოკამერების წინ პოზირება. განსხვავებული და ფერადი ფოტოების გადაღება ქალაქის განაცრისფერებასთან ერთად ნელ–ნელა რთულდება . ვფიქრობ, ლაშქრობა იდეალური გამოსავალია „აუ რა მაგარია“, „ასეთი მეც მინდა” ფოტოების გადასაღებად , ამავე დროს უქმეების საინტერესოდ გასატარებლად, სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად, ბუნებისა თუ კულტურის ძეგლის სანახავად და გასაჯანსაღებლად. ფოტომტკიცებულებები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ. მანამდე კი გადაიკითხეთ რამდენიმე რჩევა თუ რას მიაქციოთ ყურადღება სალაშქრო ფოტოსესიამდე და რა ნივთებისთვის უნდა დატოვოთ სულ პატარა ადგილი თქვენს სალაშქრო ზურგჩანთაში. წასვლამდე აუცილებლად მოიძიეთ ფოტოები სად მიდიხართ, განსაზღვრეთ რა სტილი, ფერი თუ აქსესუარი მოუხდება იქაურობას და შესაბამისად მოამზადეთ:
- რაც შეიძლება ფერადი ტანსაცმელი;
- საინტერესო აქსესუარები (ყვითელი წინდები, ბაფთა,სომბრერო,შარფი, და ა.შ);
- კაბა – ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გულდასმით ასარჩევი დეტალია. დიზაინი უნდა შეარჩიოთ სადა, დახვეწილი, ფერადი და ლანდშაფტის შესაბამისი (არავითარი საღამოს კაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელი );
- ფერადი თმა იდეალურია, თუმცა არ არის სავალდებულო;
- საშუალო ხარისხის ფოტოების გადამღები ერთი ცალი ფოტოაპარატი (თუ საკუთარი არ გაქვთ არ ინერვიულოთ, ვინმეს მაინც ექნება ლაშქრობაში წამოღებული და ითხოვებთ მისგან);
- საცურაო კოსტიუმი – ძალიან უხდება ალპურ ტბებს, მდინარეებს ან უბრალოდ მთას;
- „დალაგებული” სახე (დაუშვებელია 12 კმ–იან აღმართში ,დიდი ზურგჩანთით, სალაშქრო შარვლით და შუბლზე ოფლის წვეთებით ფოტოკამერის წინ პოზიორობა);
- ბუნებრიობა და სითამამე – დაივიწყეთ საქვეყნოდ ცნობილი და მცდარი ფრაზა „ მე არ ვარ ფოტოგენური “ . უბრალოდ , წასვლამდე დაკვირვებით და ძალიან კარგად გაიცანით თქვენი გარეგნობა და დარწმუნდით კიდევ ერთხელ, მარჯვენა პროფილი უკეთესი გაქვთ თუ მარცხენა, იყავით ბუნებრივად მომხიბლველნი და თქვენი ფოტოები იქნება ისეთი, რომ ყბის ჩამოვარდნისა და თვალების გაქცევის საშიშროების წინაშე დადგეს მნახველი 😛