ამ მართლაც და ულამაზეს მწვერვალს, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე, ზღვის დონიდან 5054 მეტრზე მდებარეობს, რამდენიმე სახელი აქვს: “მყინვარწვერი”, “ხევის პატარძალი”, “გერგეტი”. გავრცელებული და საქართველოს გარეთ უფრო ცნობილი სახელი კი მწვერვალი “ყაზბეგია”.
საქართვლოში ბევრი სალაშქრო მარშრუტია, საიდანაც შეგიძლია დაინახო და აღფრთოვანდე მყინვარწვერის სილამაზით, თუმცა მის წვერზე ფეხის დადგმა სულ სხვა ემოციაა.
მყინვარწვერზე ასვლისას, ზღვის დონიდან 3680 მეტრზე მეტეოროლოგიური სადგური ე.წ ბეთლემის ქოხი შემოგხვდებათ, რომლის ნაწილს, ალპინისტები და მწვერვალზე ასვლის მსურველნი, საბაზო ბანაკად იყენებენ. მშვენიერი ადგილია წყლის შესავსებად, ძალების მოსაკრეფად და დასასვენებლად.
ხშირად მსმენია, მთას ქალის ხასიათი აქვსო – ხოდა არც მყინვარწვერი გამოირჩევა გადასარევი ხასიათით, თუმცა მე ნამდვილად გამიმართლა და იდეალური ამინდით დამხვდა ხევის პატარძალი.
ბუნების სიყვარულს, მწვერვალებისკენ სწრაფვასა და მთის დალაშქვრით გამოწვეული ბედნიერების შეგრძნებას სულ სხვა გემო აქვს, რომელსაც მყინვარწვერისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე უკეთ შეიგრძნობ.
მწვერვალზე ღამე გადიხარ. გარშემო, რა თქმა უნდა, ვერაფერს ხედავ საკუთარი ფანრის შუქის გარდა. მხოლოდ სიბნელე და აღმართი.
როგორც კი ინათა, გამოჩნდა გარშემო მწვერვალები, ჩაწოლილი ღრუბლები, ფორთოხლისფერი ცა და ერთ–ერთი საუკეთესო განთიადი, რაც კი ოდესმე მინახავს.
მწვერვალზე იმდენი ხალხი იყო, ჩემებური ემოციები ვერ მივიღე, თუმცა უდავოდ მშვენიერი შეგრძნებაა უყურო სამყაროს 5054 მეტრიდან და დატკბე საკუთარ შესაძლებლობებზე გამარჯვებით.
მთა საუკეთესო ადგილია საკუთარი თავის გასაცნობად. აქ ყველაზე კარგად დაინახავ, სად გადის შენი პიროვნული შესაძლებლობების ზღვარი.
კიდევ, აქ იმდენი კარგია, რომ ყველანაირი ცუდი გავიწყდება და არ გაინტერესებს “დაბლა”, ქვეყანაზე რა ხდება.
როცა მიდიხარ ნაპრალებით დაღარულ ფერდობსა თუ თოვლ-ყინულიან მონაკვეთზე, როცა საერთო თოკში ჩაბმული ადამიანები ერთ ბედქვეშ ხართ, სწორედ მაშინ გრძნობ, რომ მთაში სიარული ყველაზე გამორჩეული ემოციების მომტანი და ადამიანთა ურთიერთგაგების ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატულებაა.
გაფრთხილება: პირველი მყინვარწვერული ემოციები მოსვენებას დაგიკარგავს და ლაშქრობის დასრულებიდან რამდენიმე დღეში მოგინდება, რომ კიდევ “აირბინო” ეს აღმართი და მეორედ დადგა მწვერვალზე ფეხი.
განსაკუთრებული მადლობა “საზოგადოებრივ ორგანიზაცია აისს”.